რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი 'გეორგიევსკი' ჩამოყალიბდა , - ამის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.
'სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც, მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს რუსი და ქართველი კვლავ აღმართავს. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანების, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, 'გეორგიევსკი' - ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს', - განაცხადა ფარცხალაძემ.
როგორც რომანოვ-ფარცხალაძემ განმარტა, ქვედანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი თქმით, 'უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში'.
მისივე განცხადებით, ქვედანაყოფის მთავარი ამოცანაა 'ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს'.
რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ მან რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა ნებაყოფლობით გადაწყვიტა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ის თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას.
(0)Comments