ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. ივანიშვილის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გივი მიქანაძის 4 სექტემბრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში, მოსწავლე შეფასდება სამი თანაბარი წონის კომპონენტის მიხედვით. ეს კომპონენტებია - მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. დოკუმენტში არსებული დამატებების მიხედვით, მე-5 კლასის მეორე სემესტრის, მე-6 კლასისა საბაზო საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის უნდა განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა.
განცალკევებითა წარმოდგენილი აღნიშნული დავალების კომპონენტში შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენების ვალდებულება. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული კომპონენტი მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებისაკენ. ასეთი დავალებების მაგალითებად მოყვანილია ესე, პროექტი, კვლევითი/საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა. სკოლა ასევე ვალდებულია მოსწავლეს მისცეს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.
ცვლილებებში განსაკუთრებით ხაზგასმულია რემედიაციის პროგრამის მნიშვნელობა. სკოლა ვალდებულია დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, დახმარება შესთავაზოს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ აკადემიური შეფერხება და არიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ, ან არიან სკოლის მიღმა. ასეთ შემთხვევებში, რემედიაციის პროგრამა სპეციალურად უნდა შეიქმნას კონკრეტული მოსწავლისათვის სასწავლო პროცესში არსებული შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით. თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე შესთავაზოს მოსწავლეს რემედიაციის პროგრამა.
ცვლილებებს ექვემდებარება საგნობრივი ჯგუფებიც, კერძოდ:
ქართული ენა და ლიტერატურა ერთობლივად ისწავლება I-VI, VIII და X-XII კლასებში, ხოლო განცალკევებით VII, IX კლასებში.
ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო გახდა II კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის - V კლასიდან.
ქიმიის სწავლა დაიწყება VII კლასიდან.
ისტორიის კუთხით კი განისაზღვრა, რომ VII კლასში ისწავლება მსოფლიოს ისტორია, VIII-IX და XI-XII კლასებში - ისტორია, ხოლო VII და X-XII კლასებში - საქართველოს ისტორია. შესაბამისად, VII კლასში განცალკევებით ისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.
"ისტორია (მოიცავს საგანს "მსოფლიოს ისტორია" და ისწავლება VII კლასში, საგანს "ისტორია" და ისწავლება VIII-IX და XI-XII კლასებში და საგანს "საქართველოს ისტორია" და ისწავლება VII და X-XII კლასებში)" - წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
სამოქალაქო განათლება მოიცავს საგან "მოქალაქეობას", რომელიც VII–XII კლასებში ისწავლება და XI–XII კლასებში კი გათვალისწინებულ სავალდებულო პროექტებით სწავლებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთი სიახლეა საგნობრივ ჯგუფებში ახალი არჩევითი საგნების დამატება. დოკუმენტში მოცემულია ახალი არჩევითი საგნების სრული ნუსხა, აღნიშნული საგნებია: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკის საფუძვლები, თეატრალური ხელოვნება, მეწარმეობის საფუძვლები, კომპიუტერული მეცნიერება, მსოფლიო კულტურა, მულტიმედია და დიზაინი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი, ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, ფოლკლორული ანსამბლი, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, კინოხელოვნება, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ხაზვა, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, მესამე უცხოური ენა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, ჭადრაკი.
(0)Comments