უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი, რომელსაც დახმარებას "ქართველი საზოგადო მოღვაწე ბესიკ დანელია" უწევს.
ინფორმაცია სამთავრობო-პროპაგანდისტულმა РИА Новости-მ გაავრცელა.
როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ბესიკ დანელია და "ქართველი ვოლონტიორები" რუსეთის მხარეს მებრძოლ წმინდა გაბრიელ ურგებაძის ქვედანაყოფსა და ნეველის ბრიგადას "ჰუმანიტარული მისიის" ფარგლებში დაეხმარნენ – გადასცეს მოტოციკლეტები და "სამლოცველო ოთახები".
ბესიკ დანელია წარსულში ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანი საქართველოს წევრი იყო. დანელია თეა წულუკიანის სპეციალური კომისიის გამოკითხვებშიც მონაწილეობდა. რეჟიმის მტკიცებით, წულუკიანის კომისია წინა ხელისუფლების, მისი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან მოყოლებული საქმიანობის "შესასწავლად" შექმნეს. დანელია სტუმრობდა პუტინისტ მამუკა ფიფიას პარტიასთან დაკავშირებულ მედია საქართველოს ტალღასაც, რომლის ეთერშიც იმეორებდა ქართული ოცნების რიტორიკას სეპარატისტული რეგიონების მიმართ ბოდიშის მოხდაზე.
"ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში ჩვენს ძმებთან, რომლებიც წინა ხაზზე იცავენ სამშობლოს. მებრძოლებს მოვუტანეთ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც, ვფიქრობთ, რომ დაეხმარებათ." - თქვა დანელიამ რუსულ მედიასთან საუბარში.
ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მათ "ქართული დელეგაცია" ესტუმრა.
"დღეს დონბასისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს დონბასის გათავისუფლების დღეა. ჩვენთან ჩამოვიდა ქართული დელეგაცია, რომელმაც მოიტანა ჰუმანიტარული დახმარება. ისინი ამას ღიად აკეთებენ. ამაყობენ იმით, რომ მხარს უჭერენ და აირჩიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარე." - თქვა ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ანდრეი კრამარმა.
რაც შეეხება მამა გაბრიელის სახელობის ქვედანაყოფს, პირველად მისი შექმნის შესახებ ცნობა 2026 წლის იანვარში გავრცელდა. ეს ინფორმაცია მაშინ საკუთარ ტელეგრამ არხზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამხედრო განყოფილებამაც გააზიარა. ამ ცნობის მიხედვით, ქვედანაყოფი ეთნიკური ქართველებით იყო დაკომპლექტებული. რუსეთის 1-ელმა ცალკეულმა გვარდიულმა მოტომსროლელთა ბრიგადამ - სლავურმა ბრიგადამ - გაავრცელა ფოტო და ვიდეო, რომელშიც ასახულია ბესიკ დანელიას ვიზიტი და ჩანს მამა გაბრიელის სახელობის ქვედანაყოფის დროშა.
აქამდე, 7 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში მოხალისეთა დანაყოფი გეორგიევსკი ჩამოაყალიბა.
(0)Comments