ქობულეთში, 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 'აჭარა თაიმსი' ავრცელებს და წერს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჩამოშლილმა მიწის მასამ შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
მათივე ცნობით, მეწყრული პროცესები დაფიქსირდა სოფელ ქობულეთში, ლეღვაში, დაგვაში, კონდიდში, ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ასევე ჩაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ რამდენიმე სოფელში. ეს იმ დასახლებების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა
'მერიაში შემოსულია მოქალაქეების განცხადებები, ძირითადად, ეს ეხება საცხოვრებლების მიმდებარედ და საავტომობილო გზებზე მიწის მასის ჩამოშლას. მერიის შესაბამისი სამსახურები სწავლობენ ყველა შემოსულ განცხადებას. ეტაპობრივად დაიწყება საჭირო ღონისძიებების გატარება. შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. ნალექის შედეგად რიგ სოფლებში დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის ნაწილს შეწყვეტილი ჰქონდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია'– უთხრეს გამოცემას ქობულეთის მერიაში.
(0)Comments